ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდის გამოყენება. ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ ამჟამად მოქმედ კანონში პაციენტის მიმართ ქიმიური შეზღუდვის მეთოდი და მისი გამოყენების შემთხვევა განსაზღვრული არ არის.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეზღუდვის მეთოდებად განისაზღვრება:
1)ფიზიკური/მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) – პაციენტის შეზღუდვა;
2) მანუალური კონტროლის საშუალებით, ფიზიკური ძალის გამოყენება;
3) მექანიკური შეზღუდვა – პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება;
4) იზოლირება – პაციენტის იძულებითი მოთავსება განმარტოვებით სპეციალიზებულ ოთახში;
5) ქიმიური შეზღუდვა წარმოადგენს პაციენტისათვის მედიკამენტის მიცემას იძულებით ქვევის კონტროლის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან აცილება სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია.
კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შეზღუდვის საშუალებები უსაფრთხოების ზომებია და მათ თერაპიული მიზანი არ აქვს.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.