საჯარო სკოლის პედაგოგების, დირექტორების, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების ანაზღაურება დღეიდან იზრდება.
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ცნობით, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება:
უფროსი მასწავლებლები მიიღებენ -1011 ლარს;
წამყვანი მასწავლებლები მიიღებენ – 1435 ლარს;
მენტორი მასწავლებლები მიიღებენ – 1745 ლარს.
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.
საჯარო სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს კი სახელფასო ანაზღაურება საშუალოდ 20%-ის ფარგლებში გაეზრდებათ.
ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი იქნება.
გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები:
რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თანამშრომლებს:
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება.
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება.
150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.