საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, კვების, დაზღვევის, სამხედრო უნიფორმის, სრული ეკიპირების ხარისხის გაუმჯობესებაც მოხდება. პირველი ნოემბრიდან კი, სამხედროების ხელფასები გაიზრდება.
ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც სამხედრო მოსამსახურეებმა მინისტრთან ისაუბრეს, ტრანსპორტირების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა.