გაირკვეს ნამდვილია თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომი-40 არასამთავრობო ორგანიზაცია

40 არასამთავრობო ორგანიზაცია შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვს. კოალიციისთვის, “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება” საეჭვოა მთავარი პროკურორის განცხადება, სადაც შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა.

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს , შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კენჭი არ უყარონ, ვიდრე დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი გენერალური პროკურორი გამოეხმაურა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია ავრცელებენ ერთი და იგივე განცხადებას, არანაირი დოკუმენტი მათ არ გააჩნიათ, ჩემი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ,”- განაცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებთან.

თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ის თადუმაძის დიპლომის საკითხის გამოძიებას ითხოვს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვიდრე დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად შალვა თადუმაძის კანდიდატურას კენჭი არ უყაროს