მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

35 წლის მამაკაცის,დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის,გიორგი ასათიანის ადვოკატ იმედა ბეროშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს ასევე, დაკავებული სამართალდამცველი დავით მიროტაძეც. მიროტაძეს ბრალად 35 წლის მამაკაცისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე რუსთავის სასამართლოსში სხდომა 16:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ხვალ 11:00 საატზე გადაიდო.

7 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი ასათიანს კი, ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.