დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთის და მისი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობას ითხოვს.
პროკურორების განცხადებით, არსებობს ბრალდებულთა მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
დაცვის მხარე, გირაოს გამოყენების შუამდგომლობას აყენებს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირებს დავით მუმლაძის მკვლელობასა და მისი თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი გეთაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ჰქონდა ადგილი და უკანონოდ იყო ორი დღე დაკავებული. ბრალდების მხარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში გეთაშვილის მხრიდან რაიმე განაცხადი არ შესულა და არ უცნობებია შესაბამისი ორგანოებისთვის.
რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან..