ეკა ბესელია-მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატს სასამართლოს კლანის დამარცხების მიზნით ბოლომდე გამოიყენებს. ამის შესახებ ბესელიამ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხსა და დეპუტატის საკუთარ მანდატზე კომენტირებისას განაცხადა.

„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა სურვილებს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას – ზარდიაშვილის პარლამენტიდან გადამალვას და გაშვებას. არ მაინტერესებს, რადგან თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს და ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ანერვიულებთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ განსხვავებით 2009 წლისა, როდესაც მანდატი საჯაროდ დავჭერი და პარლამენტში არ შევედი, ამ მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს. მარტო ზარდიაშვილი კი არა, როგორც მათი ლაქია და დავალებების შემსრულებელი, არამედ ეს კლანი დამარცხდეს.

2020 წლის არჩევნებში რომ არ ვაპირებდი მონაწილეობას ეს ერთი წლით ადრე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს. 2020 წლის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალოს რეალობა და ჩემ დარჩენილ ძალას და ენერგიას მოვახმარ იმას, რომ ამ ქვეყანაში იყოს ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი გარემო. ჩემი რეაქცია, რაც მოხდა ბოლოს, იყო კრებსითი პასუხი ყველა უმსგავსობაზე, რასაც სჩადიოდა ეს ადამიანი. ყველა ქალის მაგივრადაც, ვისი შეურაცხყოფაც და გადათელვაც სცადეს ასეთმა არსებებმა, არ მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, რისი ღირსიც არიან“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.