ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიაზე – ჩემი გადაწყვეტილება მაგ ქალბატონს არ უკავშირდება

პარლამენტის დატოვება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტიდან მისი წასვლის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს მისი პარლამენტიდან წასვლა არ სურდა.

„პარლამენტის დატოვება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით როგორც პარტიის ხელმძღვანელობას, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია. ეს პოზიცია განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც შენ უნდა თქვა თანამდებობაზე უარი, რადგან შენი ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან, შესაბამისად, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის იზრუნო და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პირადი კეთილდღეობის საკითხი, შესაბამისად მე საზოგადოების ინტერესიდან ამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზარდიაშვილმა.