უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც და ტურისტებმაც შეძლონ. ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის კომისიის მუშაობა პოზიტიურად გაგრძელდება.
„ტერიტორიებზე რაც ხდება, უკვე ვიცით, ეს არის ჩიჩხიტურისა და უდაბნოს გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, ქედზე არსებული მონასტრები და შეფასება ასეთია – ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება ხდება და მისასალმებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასეთ საქმეზე ორიენტირებული დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ამიტომ ველოდები, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას. ჯერ გვითხრეს, რომ ხვალიდან იქნება ნება, ავიდნენ სასულიერო პირები. უახლოეს პერიოდში იმედი გვაქვს, რომ სტატუს-კვო სრულად აღდგება და ეს გულისხმობს სწორად იმას, რომ ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს კულტურის გაცნობა უნდათ, მრევლს, ვისაც ლოცვა უნდა, სასულიერო პირებთან ერთად შეძლებენ ასვლას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.