“ვერ წამომიდგენია, რომ პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს”-გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის ბრალდებებს ეხმაურება. როგორც შს მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პატრიარქს პატივს სცემს და არასოდეს ყოფილა ისეთ შეხვედრაზე, სადაც ილია მეორის გადადგომის საკითხი განიხილებოდა.

გომელაურის მტკიცებით, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე გამოძიების დაწყების ლეგიტიმაცია მხოლოდ პროკურატურას გააჩნია.

“უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი გუნდი. ვერ წამომიდგენია, რომ პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს… რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, არანაირ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, არ შემდგარა. გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორმა გააკეთა განცხადება. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაულის სიმძიმეს. შსს-ც როცა საქმეს ძრავს, პროკურატურას უთანხმებს. მე რატომ მეკითხებით?!,” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, ზოგადად რა კომუნიკაცია აქვს მას მეუფე იაკობთან, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს და ბევრჯერ შეხვედრია.

“ძალიან კარგად ვიცნობ მეუფე იაკობს და ბევრ სხვა მეუფეს. დღესასწაულებზე ბევრჯერ შევხვედრილვართ,”- განაცხადა გომელაურმა.