დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მან საქართველოზე როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშნველოვანია ენერგეტიკული დერეფნის განვითარება.მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი.
ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა“ და „რედისონში“ გაიმართება.
გახსნით პანელს „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მოდერაციას ნოურიელ რუბინი გაუწევს. ამ პანელში მონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.
პანელს „მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას კი BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბრეშუმის გზის არეალში და იყო მნიშვნელოვანი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის მიმართულებით. მისივე თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენს ქვეყანას აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
სამინისტროს ინფრომაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მესამედ იმართება. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.
აბრეშუმის გზის ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი იღებს მონაწილეობას.