მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ანაზღაურება იზრდება -საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საკრებულოს რიგით 28-ე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს და 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. საკითხები, რომელებიც სხდომაზე განიხილეს, მშენებლობების განხორციელების დადასტურების, ვადების გახანგრძლივებისა და ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების განაწილების მუხლობრივ ცვლილებებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლისთვის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებში მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების ანაზღაურების გაზრდა იგეგმება, საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირეს საკრებულოს წევრებმაც.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ნანა შატბერაშვილს სარეზერვო ბიუჯეტთან დაკავშირებით, შენიშვნები ჰქონდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფონდის დაგეგმვა საჭიროებს გადახედვას. საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა კი ‘ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებს რეპლიკური ხასიათის უწოდა და აღნიშნა, რომ ინიციატივების წარდგენა აღმასრულებელ ორგანოსთან მხოლოდ სიტყვიერი მითითებით არ უნდა ხდებოდეს.