“მკვლელების დედოფალი ხარ, უნამუსო ადამიანი ხარ შენ”-ადა მარშანია ბოკერიას (+ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მარშანიას გაღიზიანება “მუხროვანის საქმეზე” კამათს მოჰყვა. ამ თემაზე განცხადებებს დარბაზში გიგა ბოკერია, ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე აკეთებდნენ.

ადა მარშანიამ დასვა შეკითხვა, თუ რატომ სხედან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დარბაზში, როდესაც ამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

“გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ თუ იცი, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ და მკვლელების დედოფალი ხარ შენ, მთავარი მკვლელი და მწამებელი ხარ შენ. სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა” – მიმართა მარშანიამ ბოკერიას.

აღნიშნულზე ბოკერიამ ასე უპასუხა: “მეც მიჭირს, რომ პუტინის ხალხი მიზის უკან”.

ადა მარშანიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა უმრავლესობის წევრებსაც მიაყენა: “თქვენ კიდე, “ქართული ოცნება” ხართ ლაჩრები და თქვენ ხართ მოღალატეები. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია”.

ინციდენტის შემდეგ ადა მარშანიამ სხდომა დატოვა.