მოსამართლეობის კანდიდატის ყველაზე ხმაურიანი მოსმენა -თადუმაძეს 5 საათია უსმენენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალურ პროკურორის მოსმენა 5 საათია მიმდინარეობს. შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თადუმაძის დიპლომია. ოპოზიციას გენერალური პროკურორის ვერსიის არ სჯერა და მას დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებს. დიპლომის გარშემო დაწყებული კამათი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მწვავე დაპირისპირებაში და პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა.

ოპოზიციის განცხადებით, თადუმაძე დიპლომით თაღლითობს და საქართველოს უდიპლომო მთავარი პროკურორი ჰყავს. რომან გოცირიძე თადუმაძის ჯგუფელებს მოუწოდებს, რომ გამოჩნდნენ და ის მათ სახინკლეში დაპატიჟებს.

გიგა ბოკერიას შეკითხვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეეხებოდა, მისი თქმით, ამ სიაში დღემდე არ არიან შეყვანილი ის პირები, რომლებიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრებში ჩანან. ბოკერია დაინტერესდა, რატომ ვერ მოიცალა საგამოძიებო უწყებამ ამ პირების დასადგენად.

ოპოზიციამ დეტალურად განიხილა შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობა და დეკლარაცია, ოპოზიციის წევრებმა გენერალურ პროკურორს ჰკითხეს, როგორ შეისყიდა მან ბოლო პერიოდში საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება, როდესაც ამ ქონების ფასი მისი და მისი მეუღლის შემოსავლებს აღემატებოდა.

ოპოზიციის კითხვები ასევე შეეხებოდა 20 ივნისის აქციებს. “ევროპულ საქართველოს” აინტერესებდა, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი აქციაში მონაწილე კონკრეტულ პირს, რომელმაც თვალი დაკარგა.