პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატის,შალვა თადუმაძის, მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის დაწყებისთანავე პირველი თემა, რომელზეც კითხვა დაისვა დიპლომთან დაკავშირებული საკითხი იყო. როგორც თადუმაძემ განმარტა, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ვერ დაასაბუთებს, რომ მას იურიდიული განათლება არ აქვს.

„1998 წელს არ დასრულებულა ჩემი იურიდიული განათლება და მერე ამ სფეროში საქმიანობა. მესმის ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია, ამას კიდევ დავუბრუნდები ამ გასაუბრების ფარგლებში. 18 წლის მანძილზე, როდესაც ვმუშაობდი იურისტად, არასდროს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ჩემი დიპლომი ავტობიოგრაფია და ჩემი ინტერესები დაფიქსირებული მქონდა ყველგან, არასოდეს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

შალვა თადუმაძის მოსმენასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი მოთხოვნა იყო, რომ მისცემოდა საშუალება, თადუმაძის მოსმენის პროცესს უფრო ახლოდან დაჰკვირვებოდა. მანდატურის სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუმარტა, რომ მას უფლებას მისცემდნენ დასწრებოდა პროცესს და დაესვა ის კითხვები, რომელიც ჰქონდა, მაგრამ ადგილი უნდა დაეკავებინა მეექვსე სართულზე, ე.წ. აივანზე. მაჩალიკაშვილმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ახლო მანძილიდან ენახა.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სწორედ შალვა თადუმაძე პროკურორობის პერიოდს ემთხვევა.