პრეზიდენტი საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის სკანდალს ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს თამთა თოდაძის შორის აგორებულ სკანდალს ტვიტერზე გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტი წერს, ის უერთდება მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თბილისის საკრებულოს წევრის საქმე მისი თანაშემწის მიმართ სექსუალური შევიწროების კუთხით გამოიძიონ. ზურაბიშვილმა ფაქტს დაუშვებელი უწოდა.

პრეზიდენტმა პოსტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კამპანია საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით,თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია სამი ექსპერტიზა, რომელთაგან დასკვნა ჯერ არც ერთზე არ არის მიღებული.

უწყების ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შემდეგ მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.