რუსთავში ბაღებს ბუნებრივი აირის მიწოდებას უზღუდავენ

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში სოკარ ჯორჯია გაზი ბუნებრივი აირის მიწოდებას ზღუდავს. გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით ბუნებრივი აირის მიწოდება N6 ფილიალში უკვე შეიზღუდა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიისგან გაერთიანებას არანაირი რეკომენდაცია არ მიუღია და შესაბამისმა ჯგუფმა ფილიალებს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გაუფრთხილებლად დაიწყო.

ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი დავალიანება არ არის, რადგან გაერთიანებას დავალიანების დაფარვის პრობლემა არასდროს ჰქონია. მისივე ინფორმაციით, კომპანიამ მიზეზად ახალი რეგულაცია დაასახელა,რაზეც გაერთიანებას ინფორმაცია არ აქვს.

tv4-ის ინფორმაციით, იგივე ვითარებაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაღებში. 

როგორც tv4-ს კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში” განუცხადეს, ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი ბაღებში სემეკის ახალი რეგულაცია “ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტია”,რომელიც ბაღებში უსაფრთხოებას ითვალისწინებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე ფილიალში ე.წ გამათბობლების სტანდარტების შეუსაბამოდ დამონტაჟების გამო ,შეიზღუდა. მათივე ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფების მხრიდან გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე, რომლის  გამოსწორების შემთხვევაშიც ბაღებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ.