მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა იზღუდება – ამის შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტშია საუბარი.
კანონპროექტის ავტორი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, sms შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ სუბიექტის თანხმობით უნდა მოხდეს.
„დგინდება ვალდებულება, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და მისი განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.
მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება უნდა იყოს მარტივი.
ამასთან, მონაცემთა სუბიექტის უნდა მიეცეს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ. დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელებისათვის დაწესებული იქნეს საფასური, ან სხვა შეზღუდვა,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება საქნციებს, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე.