საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” შერჩეული 4 808 პროექტიდან 3 212 უკვე დასრულებულია. პროექტების სავარაუდო ღირებულება 46 მილიონ ლარს შეადგენს. დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც ცქიტიშვილის უწყებაში tv4-ს განუცხადეს , ქვემო ქართლის რეგიონის შემთხვევაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჯამში 397 პროექტია შერჩეული,საიდანაც სამუშაოები 237 პროექტზე დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, 389 პროექტზე სამუშაოები მიმდინარეობს და გრძელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 10-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება.
შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).
უწყების ცნობით, უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, წყაროს მოპირკეთება, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთება, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა, ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია, გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა, საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა, სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.