თბილისის საქალაქო სასამართლოში “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მას არ სურს საქმის დეტალებზე საუბარი, რადგან მისი განცხადებით ბრალდება რომელსაც უყენებენ აბსურდულია.

“ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს ტყუილების ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები, ტყუილი ურთიერთობები. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში და გამჭირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდებათ.”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.