შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.
„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი.
მისივე თქმით, აბონენტისგან, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ „თბილისი ენერჯიში“ ინფორმაცია არ შესულა.
კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აფეთქება კუსტარულად დამზადებულმა წყალგამაცხელებლმა, ნათია მიქიაშვილმა უპასუხა, რომ კომპანია აუცილებლად გაავრცელებს, ფოტომასალას, რომელიც დაადასტურებს, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი.