“ვუგზავნით მტკიცე მესიჯს პუტინს”-აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

ამერიკის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს – რამდენიმე საათის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღო. კონგრესმენები საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებენ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივითაც გამოდის.

კონგრესი ასევე მოუწოდებს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მოლაპარაკებების მიმართულებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად.

მხარდამჭერი აქტის თანაავტორი და კონგრესმენი ილინოისის შტატიდან აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოებასა და ამერიკისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამ კიზინგერი მიიჩნევს, რომ რუსეთი მოსახლეობაში ქაოსისა და უთანხმოების გამოწვევას ცდილობს.

“2008 წლის შემდეგ, პუტინის აგრესიის პირობებში საქართველოს ბრძოლა უწევს არსებობისთვის. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება. რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ია. პუტინმა მოქალაქეების საცხოვრებლებთან განათავსა სამხედრო ბაზები, მავთულხლართები და შეზღუდა საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტრანსპორტირება. მუდმივად ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი სახლის დატოვებაზე,” – აცხადებს ადამ კიზინგერი.

მხარდამჭერი აქტის თანაავტორი აღნიშნავს, რომ ორპარტიული აქტი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ჩვენს ერებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას უჭერს მხარს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული აქტი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანების უფლებების დარღვევისთვის სანქციები დააწესოს.