ჭიათურაში მაღაროელი დააკავეს-პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა მაღაროს მუშა ცემეს

ჭიათურაში მაღაროელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით,ადგილობრივი პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა მაღაროს მუშა ცემეს. ფიზიკური ზეწოლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ პროფკავშირებში. მათი ინფორმაციით, მაღაროელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით მუშამ თვითდაზიანება მიიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის”-მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. “ცდფ”-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.

დაკავებული ზ.ჩ. ამ დროისთვის სასამართლოშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

შს სამინისტრო დაკავებულის ცემის ფაქტს არ ადასტურებს.

წყარო:რუსთავი 2