10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, მიმოქცევაში დღეიდან გამოვა. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად მოხდება.
განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.