15 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი სამედიცინო მოწყობილობები გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სკანდალური დასკვნა- რა გახდა 15 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალების მიზეზი.

უწყების მიერ გასაჯაროვებული დასკვნის მიხედვით, ირკვევა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდის ამბროლაურიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანას 9 საათი დასჭირდა, რეანომობილში რომლითაც მოზარდი, გადმოჰყავდათ  არ აღმოჩნდა არც  გამართული სამედიცინო მოწყობილობები და არც შესაბამისი პროფილის მედპერსონალი.

რამდნიმე დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 16 წლის  მოზარდი გარდაიცვალა. ის რაჭაში დასასვენებლად იყო წასული, რა დროსაც, 20 ივლისს ბეჭის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მასთან მოზარდს კიდურების დაბუჟება აღენიშნებოდა.

თავდაპირველად ის ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს.მას შემდეგ,რაც მდგომარეობა დამძიმდა მართვითი სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ამბროლაურში ვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილსიში გადაყვანა დაიგეგმა,რისთვისაც ადგილზე რეანომობილი გამოიძახეს.

პირველადი შეფასებით, ლუკას ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსული ინფექცია დაუდგინდა. რეანომობილი ლენტეხიდან ამბროლაურში სამ საათში ჩავიდა.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ კატასტროფის ბრიგადას არა შესაბამისი პროფილი სპეციალისტი, ანუ რეანიმატოლოგი, არამედ ოჯახის ექიმი ცისმარი ონიანი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პაციენტთან რეანომობილში შესაბამისი ცოდნის არმქონე ექიმი იმყოფებოდა, სამედიცინო ბარათში ჩაიწერა, რომ თითქოს კატასტროფის ბრიგადას ხელმძღვანელობდა რეანიმატოლოგი დარეჯან გაზდელიანი და არა ოჯახის ექიმი ცისმარი ონიანი.

დასკვნის თანახმად, რეანიმატოლოგის გარდა კატასტროფის მანქანაში არ აღმოჩნდა გამართული სამედიცინო მოწყობილობებიც. ტრანსპორტირების დროს  სამედიცინო აპარატურის გაუმართაობის გამო ჟანგბადის მიწოდების დეფიციტი შეიქმნა. გზაში ლუკა ფოფხაძის მდგომარეობა დამძიმდა. თბილისის ნაცვლად ის ქუთაისის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მოზარდი უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რეპორტაჟი „პირველი არხის“ გადაცემა „ახალ კვირაში“  გავიდა.