17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით,იმისთვის,რომ მოქალაქემ მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს 18 წლის უნდა იყოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, – ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.









