ატოცის მცხოვრებლებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის საშუალება მიეცათ

საოკუპაციო ჯარის ის წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, დღეს საოკუპაციო ზოლთან აღარ გამოჩენილან, მაგრამ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობის მეორე მხრიდან რუსი სამხედროების პატრულირება გრძელდება.

ატოცში მცხოვრებ მოსახლეობასაც საკუთარ სახნავ-სათეს მიწებზე გასვლის საშუალება მიეცათ და ისინი უკვე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებენ.

“აქ საფრთხე ყოველთვის არის, რადგან საზღვართან ახლოს ვართ, ერთი კილომეტრია საზღვრამდე. პოლიციის გარეშე მაინც ვერ ამოვდივართ ხოლმე. გუშინაც ამოვედი ჩემს მიწის ნაკვეთზე, მაგრამ მითხრეს, რომ მომეცადა,“ – აღნიშნა ატოცის მცხოვრებმა, რობინზონ გულიგაშვილმა.

ატოცში ჟურნალისტებთან ერთად ანტისაოპკუპაციო მოძრაობის წევრები და ქართველი სამართალდამცველები იმყოფებიან.