დაელოდეთ ორშაბათს, პლენარულ სხდომაზე ჩემს სიტყვას, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.
მედიის წარმომადგენლებმა მას საქართველოში ვიზიტი და ხურვალეთში გაკეთებული განცხადება შეახსენეს.
მუნმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ემოციები, რომელიც მან ადგილზე მიიღო, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეს მხოლოდ ასამბლეის დოკუმენტებში არ დარჩებოდა.
შეკითხვაზე, ახლა როდესაც დაიწყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია და განხილვები, როგორი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, მედლინ მუნმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ უნდა დაველოდოთ ორშაბათის 65-ე სესიის სხდომაზე მის გამოსვლას და სიტყვას.
„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი წინასწარ გითხრათ იმაზე, რა მოხდება კვირის დასაწყისში, მაგრამ მე ვისაუბრებ საქართველოში ჩემს ვიზიტზე. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქვეყანამ, ეს იყო ძალიან ნამდვილი და ძალიან ძლიერი ემოცია. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ნანახს, ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეალობას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ხედავ. განსაკუთრებით მოხუცი კაცის, რომელიც სასაზღვრო ღობეებს მიღმა, ხაფანგში იყო მოქცეული და თავად და მეზობლების დახმარებით უვლიდა ცოლს. და ეს ყველაფერი ყოველ მიზეზ გარეშე, აქ საერთოდ სად არის ადამიანობა?ძალიან ემოციური ვიზიტი იყო. როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მედლინ მუნი ორშაბათს, 14 ოქტომბერს სხდომაზე სიტყვით გამოვა. მასთან ერთად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სესიაში მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიღებს.
შეგახსენებთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.