პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პაატა სამხარაძის განცხადებით,ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშის მხრიდან დაშვებული გადაცდომა იყო.
სამხარაძის თქმით, 29 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი თქმით, მამაკაცი იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყო.
„სავარაუდოდ, დაუდევრობა მოხდა. მეორე მხრივ, ადგილი აქვს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ვინაიდან სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის არ იყო დატოვებული საკმარისი მანძილი“, – განაცხადა სამხარაძემ.
პროფკავშირის აღნიშნულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“.
კომპანიის პრესსპიკერის, აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, მომხდარი შემთხვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირების მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება გამოძიების დასრულებამდე არაკომპეტენტურია.
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა.
მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.