“რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას”

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სწორედ ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.-ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფონდის ცნობით,რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რაც შეეხება მშენებლობას,როგორც ფონდში აცხადებენ, თავშესაფრების განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხდეს დანარჩენი თავშესაფრების მშენებლობაც.

პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, ხოლო გორის თავშესაფრის მშენებლობაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,ცხოველთა ყველა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება . გარდა ამისა, თავშესაფარში 24-საათიანი „ქოლცენტრი“ იმუშავებს, რომლის მეშვეობითაც გამოძახება ცხოველის გადასაყვანად მოხდება. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი.