საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება.
ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან და ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდებიან.
რაც შეეხება თავად სადღესასწაულო ღონისძიებებს, დედაქალაქში მცირე წარმოდგენა 100 ათასი მოწამის ისტორიიდან იქნება და ასევე რამდენიმე თემატური საკონცერტო ნომერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.