ველოინფრასტრუქტურის განვითარება რუსთავში-რუსთავის მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს

ველოინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები ქალაქში- ,,ველოსიპედით გადაადგილების განვითარების სტრატეგიის’’ განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტებმა, რუსთავში,,ველოსიპედით გადაადგილების განვითარების სტრატეგიის’’ სამუშაო დოკუმენტის პრეზენტაცია წარადგინეს.

სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რუსთავის მერიის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მომზადდა.დოკუმენტი შემუშავებულია თოდრიას ქუჩის მაგალითზე.

ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში, დისკუსია თოდრიას ქუჩის ტექნიკური დიზაინის ვარიანტებზე იმართება. შეხვედრაზე გერმანელი ექსპერტების მიერ წარდგენილ სამ პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს , შეხვედრის დასასრულს კი შეხვედრის მონაწილეები ერთ პროექტს აირჩევენ, რომელიც ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მეტად ხელსაყრელი იქნება.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, რუსთავში ველოინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას უსასყიდლოდ ამზადებენ.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ)130 ათასი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, კვლევა, საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჩატარდა.
შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.