იუსტიციის მინისტრმა ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის ბოლოს შეუდგება. მისი მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, დასრულება კი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

ბოლნისის ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება, ხოლო საქართველოს მასშტაბით − ოცდამეოთხე.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. ბოლნისის იუსტიციის სახლის საპროექტო ფართი 1 300 კვადრატული მეტრია. ბოლნისის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იმის გამო,რომ ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში , ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.