ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, პირველად რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში,“ ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებები გაიხსნა.
სამედიცინო დაწესებულების ახალი განყოფილება სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიზნით ,თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა. საწყის ეტაპზე დეპარტამენტში 40 ადამიანი დასაქმდება, დასაქმებულთა შორის რუსთაველი პერსონალიც იქნება.
გარდა მრავალპროფილური მომსახურების გაუმჯობესებისა, კლინიკა “რუსთავმა” დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურაც შეიძინა.
კლინიკა “რუსთავში” განხორციელებული ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა პროფილურ დაწესებულებაში გაწეულ მომსახურების საფასური სახელმწიფოსგან დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ თუ ამ დრომდე საგანგებო სიტუაციების დროს ბავშვთა გადაყვანა დედაქალაქის პროფილურ დაწესებულებაში გარდაუვალი აუცილებლობა იყო, ვინაიდან რუსთავში შესაბამისი მომსახურება არ არსებობდა, დღეიდან კლინიკა “რუსთავის” პედიატრიული რეანიმაცია და ინტენსიური თერაპიის განყოფილება მომსახურების გაწევას კრიტიკული შემთხვევების დროსაც უზრუნველყოფს.
კლინიკა ,,რუსთავში“ ორი ახალი განყოფილების გახსნას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიადი ჭუნაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, კლინიკის მედპერსონალთან ერთად დაესწრნენ.