რუსთავის პარალელურად, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში უწყებებთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება გააპროტესტეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ბიუროს კარზე ბოქლომის დასადებად მივიდა, თუმცა მას ამის საშუალება მასაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ოპოზიციის თქმით, დღის განმავლობაში დეპუტატის ბიუროს ოთახის კარზე ბოქლომის დადებას კიდევ შეეცდებიან.
ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთშიც, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუორსთან. შენობის კარზე ბოქლომის დადება სცადეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა .შენობაში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ოპოზიციის ქმედება გააპროტესტეს . ხმაური და დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
აქცია გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან. „ევროპული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის ოთხმა თანამშრომელმა შენობაში შესვლა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის ოთახისთვის ბოქლომის დადება სცადა. შენობაში შესვლის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან ხმაური იყო. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ბიუროს შესასვლელზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება ქვარაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ბიუროსთან დახვდნენ.
ფოტო:1tv.ge