შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენ 5-ზე სრულიად ლოკალიზებულია.
უწყების ინფორმაციით, დილიდან ხუთ კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს. ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით”,- აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის გავრცელების სულ 7 კერა არსებობდა: სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში. ამ დროისათვის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.