ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება

ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია საუბარი.

ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციით სარგებლობაზე სანქცია ორმაგდება და ის არსებული 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, კანონდამრღვევს 15 ქულა დააკლდება მართვის მოწმობაზე.

შეგახსენებთ, ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრებაც იგეგმება. კერძოდ, ამ ტიპის დარღვევაზე ჯარიმების გაორმაგება მოხდება. ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემა მიებმება და იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

როგორც მომზადებულ პროექტშია საუბარი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. უფრო კონკრეტულად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.