“ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ”-ბოლნისში ღონისძიება იმართება

ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, პირველი დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ,ღონისძიებები  იმართება.

ღონისძიებების ფარგლებში, წარმოდგენილია გამოფენა, ისტორიკოსების ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და  დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება.

როგორც ცნობილია,  ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი გაუძღვება. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები.

ღონისძიებას გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლების საზოგადოების – GIZ-ის და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმართება , გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.