აქციის მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე, კარვებში გაატარეს

აქციის მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე, კარვებში გაატარეს. პარლამენტის წინ,სადაც მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ,აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება, 12:00 საათზე კი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი საღამოს განმავლობაში გრძელდებოდა. გუშინ სამოქალაქო აქტივისტებს ოპოზიციის წევრები შეუერთდნენ.ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და ცესკოს ახალ შემადგენლობას ითხოვს.

აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლა. მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ,უმრავლესობის გადაწვეტილება პარტიის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.