ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე, ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ლექვინაძე ამბობს, რომ მისი წასვლა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ დასრულდა ჩემი 22-თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის. მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის! მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად! პ.ს. აქვე გეტყვით, რომ 22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68 პროცენტში ბიზნესის მოთხოვნები სრულად, ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. პ.ს. მინდა, აქვე განვაცხადო, რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება!“, – წერს ლექვინაძე.
ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ლექვინაძე და კალანდაძე. ასევე, ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.