გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ბლოკის თანამშრომლები სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

თბოელექტროსადგურში დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა არსებული ანაზღაურების 50%-ით გაზრდაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შრომითი ანაზღაურების გაზრდას მაისის თვიდან ითხოვენ,თუმცა საკითხზე რეაგირება არ ხდება.

სადგურის ხელმძღვანელი “ტვ4-თან” საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანაზღაურების გაზრდა სემეკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ სემეკი არ გაზრდის ელექტროენერგიის ტარიფიკაციას, დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში თუ სემეკი ქარხანას ტარიფებს გაზრდის, თანამშრომლების ხელფასებიც მოიმატებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი ანაზღაურება არ გაიზრდება, აქცია გაგრძელდება.

აქციის მონაწილეებს თბოსადგურის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. ადმინისტრაციაში ამბობენ,რომ სემეკთან მოლაპარაკებების წარმოება იგეგმება.

აღსანიშნავია,რომ დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება 400-დან-800 ლარამდე მერყეობს, თუმცა საწარმოს მიერ დადგენილი მიზანშეწონილი საშუალო ხელფასი 1790-ლარი იყო განსაზღვრული.

Update: “ტვ4” დაუკავშირდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე “ქრონიკასთან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ტარიფებს საწარმოსთვის კომისია ყოველ წელიწადში ერთხელ თავად ადგენს. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს და ახალი ტარიფიკაცია 1 იანვრიდან დადგინდება.

სემეკში ამბობენ, რომ მათ მხოლოდ მიზანშეწონილი საშუალო ხელფასის დადგენა შეუძლიათ. როგორი უნდა იყოს ხელფასი კონკრეტული თანამშრომლისთვის ეს თბოსადგურის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია და “სემეკი” საწარმოს შიდა პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.