სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდეთ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართა. რუსთაველებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტებმა  ქარხნების საწარმოო პროცესი ისევ გააპროტესტეს და ხუთ დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხი ცენტრალურ მთავრობასთან დააყენეს.

აქცია -პერფორმანსის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებს  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე  შეხვდა. როგორც  „გავიგუდეთ“ წევრმა ნიკა მუსერიძემ tv4-ს განუცხადა , შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქალაქში გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

როგორც ცნობილი ხდება  უწყებამ „გავიგუდეთ“ წევრებს  პრობლემის პრევენციის გზაზე გეგმის შემუშავებაში ჩართულობისკენ მოუწოდა და  საკუთარი პოზიციები გააცნო. სამინისტროს პოზიციით, უწყება მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას და სანქციების გამკაცრებას აპირებს ,კერძოდ ერთ-ერთი მიმართულებით ,ჯარიმების გახუთმაგებაც იგეგმება. 

რაც შეეხება „გავიგუდეთ“ წევრების ინიციატივას-სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მონიტორინგის მეტად ეფექტური დანადგარის შეძენისკენ მოუწოდეს. კონკრეტული დანადგარით  , ღია ტექნოლოგიით ,სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაბინძურების მაჩვენებლის 14 კომპონენტის გაზომვა იქნება შესაძლებელი.

„გავიგუდეთ“ წევრებსა და  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ოთხშაბათს ჩაინიშნა.