21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით თამბაქოს ნაწარმის: თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.
დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდებაზე ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარი იქნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.