კუმისსა და გამარჯვებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები შენდება

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებები გარდაბნის მუნიციპალიტეტში-სოფელ კუმისში და გამარჯვებაში ახალი  საბავშვო ბაღები შენდება.

კერძოდ, სოფელ კუმისში ორ სართულიან შენობაში სამი ჯგუფი გაიხსნება, ბაღი 90 -მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. სოფელ გამარჯვებაში კი სკოლამდელი განათლების მიღებას  4 ჯგუფში  110- მდე აღსაზრდელი შეძლებს.

როგორც გარდაბნის მერიაში  აცხადებენ,  სამუშაოების ფარგლებში, ეზოების კეთილმოწყობაც იგეგმება.

დღეს ბაღების მშენებლობის პროცესს გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.

აღსანიშნავია,რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული. ბაღებში  შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

შენობების მშენებლობა- კეთილმოწყობა 2019 წლის 31 მაისს დაიწყო და 2020 წლის 31 იანვარს დასრულდება . სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი“ ახორციელებს .

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება , ბაღების მშენებლობისთვის 2 977 000 ლარია გამოყოფილი.