თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ,დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი მ. ც., 1968 წელს დაბადებული დ.ტ. და 1981 წელს დაბადებული ზ. ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ აღნიშნულ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.