კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.
„გალერია თბილისის“ შენობაში ე.წ. დეტექტორები დაამონტაჟეს, სადაც კინოთეატრში შემსვლელებს შეამოწმებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციის ძალები მობილიზებულია არა მარტო „კავეას“ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში.
„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, რომ ჩაიშალოს ფილმის ჩვენება და მოხდეს საზოგადოების ორი მხარის დაპირისპირება. შესაბამისად, არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მობილიზებულია ადეკვატური ძალები. პოლიციელი იმდენია, რამდენიც საჭიროა. გავაკონტროლებთ შეძლებისდაგვარად და დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. თუ საჭირო იქნება, გაკეთდება კორდონები, რომ არ მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.