„მე „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ვიყავი და ვიქნები აუცილებლად, დღემდე არც ერთ პარტიაში არ ვიყავი. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებში“ ვარ, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარ“,-ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რუსლან გაჯიევი აცხადებს.
გაჯიევი ფრაქციელების პოზიციას არ იზიარებს და ამბობს,რომ ის მუდამ “ქართულ ოცნებაში” იქნება და უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციის “ქართული ოცნება-კონსერვატორები” წევრებმა დღეს დატოვეს. ძიძიგურმა, გოგუაძემ და ბუკიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადეს.
ფრაქციაში 6 დეპუტატი იყო: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური.
რაც შეეხება მუხრან ვახტანგაძესა და პაატა კვიჟინაძეს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.