მებაჟე ოფიცრებმა 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“ 7-11 ნოემბერს სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.