მინისტრის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.”,- აღნიშნა მინისტრმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმართვის წერილი გამოაქვეყნა საქართველოს საპატრიარქომ: “ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი.”,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.