ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავია გაშლილი, მათ შორის ერთი დიდი კარავი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო შტაბია განთავსებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციას არ შეწყვეტენ და მშვიდობიანი გზით შეასრულებინებენ ხელისუფლებას ამ მოთხოვნებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელისუფლებას მოთხოვნებს შეასრულებინებს. ამ გეგმას ისინი საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ.
აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“ დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან გამოემგზავრნენ.
ისინი საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.
ფოტო:IPN